ფილოსოფიის რაობის გარკვევა ერთ–ერთი რთული ფილოსოფიური პრობლემაა. პირველ ფილოსოფოსად მიიჩნევა თ ა ლ ე ს მ ი ლ ე თ ე ლ ი (ძვ.წ. მე–6 ს), რომელმაც პირველად დააყენა სამყაროს პირველმიზეზის პრობლემა. მართალია, მან მარტივად უპასუხა ამ კითხვაზე – წყალი მიიჩნია პირველსაწყისად, მაგრამ საკითხის დასმის თვალსაზრისით, ის ფილოსოფიის ფუძემდებლად იქცა.
ფილოსოფიური აზროვნების საფუძვლად იქცა გაკვირვება და კითხვის დასმა. ფილოსოფიურ კითხვებზე არ არსებობს კითხვის საბოლოო ამომხსნელი პასუხები.
აზროვნების ეს წესი ძველმა ბერძნებმა ჩვენს წელთ აღრიცხვამდე მე–6 საუკუნეში შექმნეს. მათი მოსაზრებით, ფილოსოფია არის სიბრძნის სიყვარული. ამავე ენაზე ფილოსოფია სწორედ სიბრძნის სიყვარულს აღნიშნავს. ეს არის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ნაწილი. თუმცა, გარკვეული ასპექტებით სცილდება ამ მეცნიერებებს. ის ცდილობს გაარკვიოს, რა არის სამყარო, სული, ჭეშმარიტება, სიყვარული, ცხოვრების საზრისი.
კანტის თანახმად, ფილოსოფიის ძირითადი საკითხებია: რა შემიძლია ვიცოდე? რა უნდა ვაკეთო? რისი იმედი შემიძლია მქონდეს? რა ვარ მე როგორც ადამიანი? აქედან გამომდინარე, ფილოსოფია ერთდროულად არის თეორია, კომუნიკაცია და რეფლექსია. რეფლექსია არის თვითცნობიერებამდე და კრიტიკულ თვითშემეცნებამდე მისული აზროვნება, რომელიც საგნად აქცევს საკუთარ თავსა და აზროვნების წესს.
ფილოსოფია უშუალოდ უკავშირდება ადამიანის აზროვნების წესს. ის განიხილავს ერთი რიგის და ხასიათის, მაგრამ რამდენიმე განსხვავებულ პრობლემებს. ესენია: არსებობის, შემეცნების და ზნეობის პრობლემები. ამიტომ ფილოსოფია იყოფა რამდენიმე დარგად: მეტეფიზიკა, ეთიკა, პოლიტიკური ფილოსოფია, ესთეტიკა, ლოგიკა.
ფილოსოფიის ელემენტთა შორის პირველფილოსოფია მ ე ტ ა ფ ი ზ ი კ ა ა. ეს არის ყოფიერების შემეცნების, ზნეობის და პოლიტიკის მეტაფიზიკა. მეტაფიზიკის საერთო ამოცანაა გააშუქოს ყოფიერება და არარა.
მეტაფიზიკა ნიშნავს – „ის, რაც ფიზიკის შემდეგაა“. მისი თემებია: საწყისი, პირველმიზეზი, ყოფიერების ბუნება და ცოდნის ბუნება.
მისი მთავარი კითხვებია: არსებობს თუ არა ღმერთი? – ამ საკითხის შემსწავლელ მეცნიერებას ეწოდება „რაციონალური თეოლოგია“; სული უკვდავია, თუ მოკვდავი? – „რაციონალური ფსიქოლოგია“ და რა არის სამყაროს პირველსაწყისი? – „რაციონალური კოსმოლოგია“
ე თ ი კ ა – ეს სიტყვა ბერძნულად ნიშნავს ბუდეს, სახლს, მაგრამ მოგვიანებით, მან მნიშვნელობა შეიცვალა და ქცევის ხასიათსა და ბუნებას აღნიშნავდა.
ეთიკა პასუხობს კითხვაზე: რა უნდა ვაკეთო? როგორ უნდა მოვიქცე?
თანამედროვე ფილოსოფიაში ეთიკა ორი მნიშვნელობით იხმარება: ქცევის კოდექსების და პრინციპების სხვადასხვა მოდელების აღსანიშნავად და მორალის თეორიების კვლევისა.
ეთიკა იკვლევს მავალდებულებელ ნორმათა სისტემების რაობას.
პ ო ლ ი ტ ი კ უ რ ი ფ ი ლ ო ს ო ფ ი ა – ეს არის მოქალაქისა და სახელომწიფოს ურთიერთობის მეტაფიზიკა. მან უნდა გაარკვიოს, როგორ გარდაიქმენება ძალაუფლების ველური სტიქია ხელისუფლებად, რომელიც თავის წევრს აქცევს მოქალაქედ.
ამ კუთხით აღსანიშნავია კარლ მარქსის მიერ შექმნილი უტოპიური საზოგადოების პროექტი – კომუნიზმი, რომლის განხორციელება მე–20 საუკუნეში რუსეთში, ჩინეთში, კუბაზე და სხვა ქვეყნებში სცადეს. ეს იყო ყველაზე დიდი ექსპერიმენტი მსოფლიო ისტორიაში, რომელიც მარცხით დასრულდა და მრავალი მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.
ლ ო გ ი კ ა – ბერძნულად აღნიშნავს აზრს, სიტყვას. ის სწორი აზროვნების ფორმალურ კანონებს იკვლევს.
მას დასკვნისა და დასაბუთების ფილოსოფიას უწოდებენ. მას საფუძველი ჩაუყარა არისტოტელემ.
ლოგიკის ძირითადი თემებია: ცნება, მსჯელობა, დასკვნა, მათი სტრუქტურა და კანონზომიერებანი.
ლოგიკას ზოგჯერ, ფორმალურსაც უწოდებენ, რადგან აქ განიხილება მსჯელობის სისწორე ან მცდარობა.
ე ს თ ე ტ ი კ ა – ფილოსოფიის ეს ნაწილი გემოვნებას უკავშირდება. ფილოსოფოსები უხსოვარი დროიდან კამათობდნენ – რა არის მშვენიერების არსი? და რაშია ხელოვნების დანიშნულება? სხვადასხვა ეპოქაში იმ დროინდელმა ფილოსოფოსებმა საკუთარი შეხედულებები ჩამოაყალიბეს მშვენიერებასთან დაკავშირებით. ესთეტიკას უკავშირდება გემოვნებაც.
მე–20 საუკუნეში ესთეტიკური ძიების მთავარი თემა ესთეტიკური ღირებულება გახდა.
ზურაბ თვაური
2012 წელი