პასექი უდიდესი ებრაული დღესასწაულია, რომელიც ყოველწლიურად ებრაული კალენდარის ნისანის თვის მე-15-ე დღიდან 21-ე (22-ე) დღის ჩათვლით აღინიშნება.
დღესასწაულის თარიღი თანამედროვე საერთაშორისო კალენდარით მოძრავია და მარტში ან აპრილში აღინიშნება. ფესახი უფლის მიერ ებრაელების ეგვიპტელთა მონობიდან გამოხსნას ეძღვნება. საუფლო დღესასწაულზე (ისრაელში შვიდ და ისრაელის გარეთ რვა დღის მანძილზე) ებრაელები უფუარი პურის კვერით მარხვას იცავენ.
ძველი აღთქმის წიგნი გამოსვლა მოგვითხრობს, ეგვიპტეში როგორ საშინლად იჩაგრებოდა ებრაელი ხალხი. უფალმა მათ გასათავისუფლებლად მრავალი ნიშანი და ათი სენი მოუვლინა ეგვიპტეს. მაგრამ ფარაონს გული გასასტიკებული ჰქონდა. მაშინ უფალმა ეგვიპტელებს მოუვლინა ღვთის რისხვა - პირველშობილთა მოკვდინება. ებრაელები გაფრთხილებულები იყვნენ, სახლის შესასვლელ კარზე ნიშანი დაედოთ ბატკნის სისხლით. ამ ნიშნის მქონე კარს სიკვდილის ანგელოზი გვერდს აარიდებდა და სენი მათ არ შეეხებოდა. ასეთი განსასჯელისაგან თავზარდაცემულმა ფარაონმა ებრაელებს ნება დართო ეგვიპტიდან წასულიყვნენ.
ყველაზე გავრცელებული მოსაზრების თანახმად ფესახი ნიშნავს გვერდის არიდებას და ხაზს უსვამს ფაქტს, რომ სიკვდილის ანგელოზმა გვერდი აარიდა ებრაელთა სახლებს და ღვთის რისხვა მათ არ შეეხოთ. ეს განმარტება მოცემულია ძველბერძნულ სეპტუაგინტაში.
ამავე მოსაზრებას ეყრდნობა პასექის ინგლისური სახელწოდება პასოვერ ინგ. passover (passed over). ეს ტერმნი პირველად გამოყენებულია ბიბლიის უილიამ ტინდალისეულ თარგმანსა და ინგლისის მეფის ჯეიმზ I სტიუარტის ვერსიაში.
გათავისუფლებული ებრაელები ისე ჩქარობდნენ, რომ პურის აფუებას აღარ დაელოდნენ, უფუარი ცომისაგან ხმიადი კვერები დააცხეს და საგზლად წაიღეს. ამიტომ ფესახის დღეებში, როდესაც იხსენიებენ პირველშობილ ყრმათა ხსნას, მონობისაგან გათავისუფლებასა და ეგვიპტიდან გამოსვლას, აფუებულ პურს არ ჭამენ. ამის გამო ფესახის დღესასწაულს მეორენაირად "უფუარობის დღესასწაულს" უწოდებენ (ჰაგ ჰა’მაცოთ). ამ დღესასწაულის უშუალო სიმბოლო და აუცილებელი ატრიბუტია უფუარი პურის კვერი - ხმიადი, რომელსაც მაცა ეწოდება.
თთუე ესე იყავნ თქუენდა თავად თთუეთა, თთუე პირველი - თთუეთა მათ შინა წელიწადისათა. აწ მივედ შენ
და ეტყოდე ყოველსა მას კრებულსა ძეთა ისრაჱლთასა: ათსა მის თთჳსასა მოიღედ თჳთეულად კრავი ერთი თესლად-თესლად და ტომად-ტომად, განიყონ კრავი, სახიდ გამოიღონ. gamosvlaTa 12: 2-3
(თვეთა დასაბამი იყოს თქვენთვის ეს თვე, პირველი თვე იყოს იგი თქვენთვის წელიწადის თვეებში. ასე უთხარით ისრაელის მთელს საზოგადოებას: ამ თვის მეათე დღეს მამისსახლზე თითოეულმა თითო კრავი ან თიკანი დაიგულოს. ერთი კრავი ან თიკანი სახლზე.)
პასექის ანუ ფესახის დღესასწაული უფლის მიერ დადგენილი წესით აღინიშნება, რომელიც აღწერილია ხუთწიგნეულში. ნისანის 10-ში ბატკანი ან კრავი საგანგებოდ უნდა გადაირჩეს, 14-ში უნდა დაიკლას, შეიწვას და 15-ში საღამოს უნდა მიირთვან. ამასთან მომზადებული უნდა იყოს უფუარი ხმიადები - მაცა და მწარე მწვანილი - მარორი. გამთენიისას საჭმლის ნარჩენები უნდა დაიწვას. ეს არის მსხვერპლთშეწირვა.
პასექის რიტუალი ბიბლიის გარდა აღწერილია ძვ.წ.ა. V საუკუნის ეგვიპტურ პაპირუსებზე ე.წ. არამეულ პაპირუსებში; ჰეროდეს პერიოდის ფლავიუსის და ფილონის ხელნაწერებში.
და იყოს იგი თქუენდა დამარხულ კრძალვით ვიდრე მეათოთხმეტედმდე თთჳსა მის, და დაკლას იგი ყოველმან ერმან, კრებულმან ძეთა ისრაჱლისათამან მიმწუხრი.
და მოიღონ სისხლისა მისგან და გამონიშნონ ორთავე მათგან წყირთლთა მათ ზედა კართასა და ზღურბლთა მათ ზედა სახლებისა მათისათა, რომელთა შინა შეჭამონ იგი მათ.
და შეჭამონ კრავი იგი მასვე ღამესა მწუარი ცეცხლითა, და უფუველი პური და ველისყრდელი ჭამონ, ხოლო შეჭამონ კრავი იგი ესრე სახედ. gamosvlaTa 12: 6-8
(ამ თვის მეთოთხმეტე დღემდე შეინახონ; მერე დაკლას ისრაელის მთელმა საზოგადოებამ საღამოხანს. აიღონ მისი სისხლი და სცხონ იმ სახლის ორთავე წირთხლსა და კარისთავს, სადაც შეუდგებიან ჭამას. იმავე ღამეს შეჭამონ ცეცხლზე შემწვარი ხორცი და ხმიადი; მწარე ბალახი შეატანონ.)
ზურაბ კიკნაძის მიხედვით, მეათე სასჯელი თავისი შინაარსით წარუვალი მნიშვნელობისა შეიქნა ისრაელიანთა ისტორიაში და რელიგიურ ცხოვრებაში. უფრო სწორი იქნება, თუ ვიტყვით, რომ აქედან იწყება მათი, როგორც რელიგიური ხალხის, ჭეშმარიტი ისტორია. უფალი აცხადებს ეგვიპტელთა პირმშოების გაწყვეტას, როგორც უკანასკნელ სასჯელს, მაგრამ მისი განხორციელების შესახებ თხრობას წინ უსწრებს დარიგება, თუ როგორ უნდა მოიქცნენ ეგვიპტიდან გასვლის წინ. რადგან ის, რასაც მოიმოქმედებენ ისარელიანები გასვლის წინაღამით, მათი უპირველესი რელიგიური დღესასწაული იქნება, რომელიც უშუალოდ არის დაკავშირებული მეათე სასჯელთან. ლაპარაკია პასექზე (ფესახ), რომელსაც ეთმობა მე-12 თავის პირველი მონაკვეთი, მას მოსდევს თავად სასჯელის აღწერა და, ბოლოს, გასვლა. პასექი, პირმშოთა გაჟლეტა და გასვლა _ ეს სამი ქმედება ერთდროულია, ერთსა და იმავე ღამეს ხდება.
გარდა ამისა, ეს დრო ისტორიის დასაწყისია. როცა ისრაელიანები პირმშოთა გაჟლეტისა და გასვლის ღამით კრავს დაკლავენ, ეს ჟამი იქნება ისტორიის დასაბამი, დროის ათვლის წერტილი. „თვეთა დასაბამი იყოს თქვენთვის ეს თვე. პირველი თვე იყოს იგი თქვენთვის წელიწადის თვეებში“ (12:2). აქედან იწყება წელთაღრიცხვა, არათუ ახალი, არამედ, საერთოდ, წელთაღრიცხვა ისრაელიანთათვის. ეს თვე, როგორც სხვაგან განიმარტება, არის გაზაფხულის პირველი თვე _ აბიბი და შეესაბამება ჩვენი თანამედროვე კალენდრის მარტ-აპრილის თვეს. აბიბ (ავივ) ნიშნავს „მწიფე თავთავს“. წელიწადის პირველი თვის სახელწოდებად ამ სიტყვის გამოყენება მიგვანიშნებს, რომ ისრაელიანთა ახალი წელიწადი მკათათვეზე მოდიოდა. ბაბილონის ტყვეობის შემდეგ სახელწოდება აბიბ შეცვალა ბაბილონურმა სახელწოდებამ ნისან, რომელიც დღემდე დამკვიდრებულია ებრაულ ენაში.
და განვლო მე ქუეყანაჲ ეგჳპტელთა მას ღამესა და ვგუემო ყოველი პირმშოჲ კაცითგან მიპირუტყუადმდე და ზედა ყოველსა მას ქუეყანასა ეგჳპტელთასა აღვადგინო შური შურისძიებათა, რამეთუ მე ვარ უფალი.
და იყოს სისხლი იგი თქუენდა აღსანიშნველად ზედა სახლებსა მას, რომელსა შინა იყვნეს ძენი ისრაჱლისანი, რომელთა შინა დაშენებულ იყვნეთ, მუნ ვიხილო მე სისხლი იგი აღნიშნული ზეღა ბჭეთა მათ და დაგიფარნე თქუენ დაცვად თქუენდა გუემისა მისგან რისხვისა, რაჟამს გარდამოსრულ ვიყო და მოვსრვიდე პირმშოსა მას ეგჳპტისასა.
და იყოს სისხლი იგი თქუენდა საჴსენებელად დღესასწაულად ზატიკობისა უფლისა თესლთა მიმართ ყოველთა შჯული სიხარულისა უკუნისამდე თავი დღესასწაულთა მათ წელიწდეულთა.
შჳდ დღე უფუველი ჭამეთ და პირველით დღითგანვე ბალარჯობათა მათ განაქარვეთ ყოველივე ცომი სახლებისაგან თქუენისა და ყოველმან, რომელმან ჭამოს თბისაგან მფუვილისა, მოსპოლვით მოისპოს იგი კაცი ისრაჱლისაგან პირველით დღითგან დღედმდე, მეშჳდედ. gamosvlaTa 12: 12-15
(მოვივლი იმ ღამით ეგვიპტის ქვეყანას და მოვაკვდინებ ყოველ პირმშოს ეგვიპტის ქვეყანაში კაციდან პირუტყვამდე, და განვსჯი ყველა ეგვიპტელ ღმერთს. მე ვარ უფალი. სისხლი გქონდეთ ნიშნად სახლებზე, სადაც ცხოვრობთ; დავინახავ სისხლს და გვერდს აგივლით. არ მოგეკარებათ დამღუპველი სენი, როცა ეგვიპტელთა შემუსრვას დავიწყებ. სამახსოვროდ დაითქვით ეს დღე, იდღესასწაულეთ იგი საუფლო დღესასწაულად თაობიდან თაობაში. სამარადისო წესად დაიდეთ ეს დღესასწაული. შვიდ დღეს ჭამეთ ხმიადი; პირველი დღიდანვე აღიკვეთეთ საფუარი სახლებში, რადგან ვინც კი შეჭამს საფუარიანს პირველი დღიდან მეშვიდე დღემდე, მოიკვეთება იგი ისრაელიდან.)
მეთიუ ჰენრის განმარტების თანახმად, ანგელოზმა, რომელმაც აღასრულა ღვთისგან მიცემული მეათე სასჯელი, ეგვიპტელთა პირმშოების მოკვდინების გარდა, გაანადგურა ის კერპებიც, რომლებიც ეგვიპტელთათვის არანაკლებ ძვრიფასი იყო.
რაც ეხება ებრაელთა სახლების სისხლით დანიშვნას, ეს იყო მათი მხრიდან ღვთის ნებისადმი რწმენის დადასტურება და უფლის ბრძანებისადმი მორჩილება. ყურადღებამისაქცევია ის გარემოება, რომ თუ საყოველთაო ძნელბედობის ჟამს უფალს ნებავს დაიფაროს თავისი ერი და მათ ნიშანს დაადებს, მორწმუნეები თავშესაფარს იპოვნიან ზეცაშიც და ცისქვეშაც.
რაც უკავშირდება სისხლით სახლების დანიშვნას, ეს არის წმინდანების მფარველობა საყოველთაო გასაჭირის ჟამს; ეს არის ის, რაც ღმერთისთვის მათ ნიშანს წარმოადგენს, და რაც მათ სინდისს ამშვიდებს.
ზურაბ კიკნაძის თანახმად, სისხლის ცხებას, მწარე ბალახსა და უფუარ პურს თავისი დანიშნულება აქვს. რადგან ეს ღამე გასვლის ღამეა, უკანასკნელი ღამე მათი ეგვიპტეში ცხოვრებისა, აღარაფერი უნდა აკავშირებდეთ მათ ამ ქვეყანასთან, უნდა იჩქაროდნენ აქედან გასვლას. ამის ნიშნად და გამოხატულებად ფეხზე მდგარნი აჩქარებით უნდა ჭამდნენ, რაც შესაჭმელი აქვთ, რაკი იჩქარიან გასვლას წელზე სარტყელი უნდა ერტყათ, ფეხზე ხამლები ეცვათ, არგანი ეჭიროთ ხელში, როგორც გამგზავრებისას. კრავის ხორცი უნდა შეიწვას, არ უნდა მოიხარშოს, რომ საჭიროება არ იყოს ჭურჭლისა და წყლისა უსაფუარო პური, როგორც „უწინაპრო“ პური იმის ნიშნად, რომ წარსული ცხოვრება უკან არის მოტოვებული, რადგან საფუარი წინა მოსავლის პროდუქტია, მას ეგვიპტის მიწაზე აქვს საფუძველი. უფუარი პური ამ უკანასკნელი ღამით სიჩქარის ნიშანიც არის. ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ უფუარი პური მწყემსების პურია _ ისრაელიანები მწყემსებად ჩავიდნენ ეგვიპტეში და მწყემსებადვე გადიან ქვეყნიდან. მწარე ბალახი ეგვიპტეში ცხოვრების სიმწარეს გაახსენებთ მათ. თუმცა ამავე ტექსტში ამგვარი ყოფითი განმარტება აქვს უფუარობის წესის წარმოშობას: „დააცხვეს ეგვიპტიდან წამოღებული ცომისაგან ხმიადის კოკრები. ვერ მოასწრო ცომმა აფუება, რადგან არ დააყენეს
ისინი და გამოყარეს ეგვიპტიდან“ (12:39).
კრავის სისხლი, რომელიც უნდა სცხონ თავ-თავიანთი სახლების წირთხილებსა და ბალავრებს, მათი გადარჩენის ნიშანი იქნება, როცა დამღუპველი ანგელოზი ჩაუვლის მათ სახლებს და დაინდობს მათ პირმშოებს. კრავი რომ დაიკვლის ამიერიდან, ისრაელიანთა პირმშოების სანაცვლოდ დაიკვლის, კრავის სისხლი გამოსყიდვის სისხლი იქნება. ფესახი ეწოდება კრავს, გამომსყიდველ მსხვერპლს, რომელიც უნდა შეიჭამოს ყოველ ამ დღეს ყოველი ისრაელიანის მიერ ეგვიპტიდან გამოსვლის სამახსოვროდ.
ამ კონტექსტში უეჭველად უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ პასექი პირდაპირ კავშირშია განკაცებულ მაცხოვართან, რომელიც კრავის მსგავსად დაიკლა ადამიანთა დასახსნელად და მისი სისხლით გამოისყიდა თვით უფალმა კაცობრიობა ცოდვათა უფსკრულიდან. ამის შესახებ საუბრობენ წმინდა მამები საკუთარ განმარტებებში.
წმ. ეფრემ ასურის თანახმად ,,მეათე დღეს კრავი სახლში მოჰყავთ. კრავი ჩვენი უფლის სიმბოლოა, რომელმაც ნისანის თვის მეათე დღეს დაივანა ქალწულის წიაღში. გამომდინარე მეშვიდე თვის მეათე დღის, როდესაც ზაქარიას ეხარა იოანეს მომავალ დაბადებაზე, და ექვსი თვის გასვლის შემდეგ ანგელოზმა უთხრა მარიამს აჰა მეექვსე თვეშია ვინც ბერწად იწოდებოდა. მაშასადამე მეათე დღეს კრავი დამწყვდეულია, უფალი - ჩასახული.’’
ცნობილია, რომ ამ ყველაფერში უფლის, იესო ქრისტეს საიდუმლოა გადმოცემული; ამიტომაც ეუბნებოდა უფალი იუდეველებს ,,უკუეთუმცა გრწმენა მოსესი, გრწმენამცა ჩემიცა, რამეთუ მან ჩემთჳს დაწერა.’’
და შჳდ დღე შჭამდეთ უცომოსა, ხოლო მეშჳდესა დღესა დღესასწაული არს უფლისაჲ.
უცომოსა შჭამდეთ შჳდთა დღეთა, არა იხილვოს შენდა ცომოანი, არცა იყოს ცომი შენდა ყოველთა შინა საზღვართა შენთა შჳდ დღე.
და უთხრობდე ძესა შენსა მას დღესა შინა მეტყუელი; ამის მიერ, ქმნა უფალმან ღმერთმან ჩუენმან, ვითარცა-იგი მოვიდოდე ეგჳპტით. gamosvlaTa 13: 6-8
(შვიდ დღეს ჭამე ხმიადი, მეშვიდე დღეს საუფლო დღესასწაული გქონდეს.
ხმიადი შვიდ დღეს უნდა იჭამოს; არ გაიჩერო საფუარი შენს საზღვრებში.
ასე გამოუცხადე ამ დღეს შენს შვილს: ეს იმის გამოა, რაც გამიკეთა უფალმა, როცა ეგვიპტიდან გამოვდიოდი-თქო.)
მეთიუ ჰენრის მიხედვით, ისრაელიანებს ზედმიწევნით მკაცრად უნდა დაეცვათ უფუარობის წესი. საკმარისი არ იყო მხოლოდ მისი დამახსოვრება, არამედ აღსრულებაც ისე, როგორც ეს მათ უფალმა დაუწესა. ეს იგივეა, რაც ჩვენ არა მხოლოდ უნდა გვახსოვდეს მაცხოვარი იესო ქრისტე, არამედ აღვასრულოდ საქმეები მის გასახსენებლად.
იმდენად მკაცრად იყო განსაზღვრული საფუარის გამოყენება სახლში ამ დღეებში, რომ იუდეველებს საფუარიანი პური სახლში არ უნდა გაეჩერებინათ: ან უნდა დაეწვათ, ან მიწაში ჩაემარხათ. მათ მიერ ასეთი სიმკაცრით წესის დაცვა იმდენად თვალში საცემი უნდა ყოფილიყო, რომ ეს მათ შთამომავლობას უყურადღებოდ არ უნდა დარჩენოდა. შესაბამისად, ასეთივე გულმოდგინება უნდა ესწავლებინათ მათ მომავალი თაობისთვისაც. ეს ნიშნავს იმას, რომ დროულად იზრუნო შვილებზე და მათ უფლისა და მისი მცნებების შესახებ გულდასმით ასწავლო.
ჩვენ ვალდებული ვართ საღვთო საქმეები ჩვენ გულებში დავიმარხოთ, რათა უფლის განგებულების მიღმა არ აღმოვჩნდეთ. ვისაც უფლის კანონები გულში აქვს დამარხული, მათ შესახებ ხმამაღლაც უნდა საუბრობდეს – ქადაგებდეს.
სამთა ჟამთა წელიწადისათა იდღესასწაულოთ ჩემდა.
დღესასწაული უცომოთაჲ დაიმარხეთ, შჳდთა დღეთა შჭამდეთ უცომოსა ვითარ-იგი გამცენ შენ ჟამსა თთჳსა ახალთაჲსასაჲ, რამეთუ მას შინა გამოხუედ ეგჳპტით. არა მეჩუენო ცალიერი წინაშე ჩემსა. gamosvlaTa 23: 14-15
(სამჯერ გამიმართე დღესასწაული წელიწადში. უფუარობის დღესასწაული დაიცავი: შვიდ დღეს ჭამე ხმიადი, განკუთვნილ დროს, აბიბის თვეში, როგორც გიბრძანე, რადგან ამ დროს გამოხვედი ეგვიპტიდან. ხელცარიელი არავინ მეჩვენოს.)
დ.შედროვიცკის მიხედვით, სამი სადღესასწაულო პერიოდი სიმბოლოა ადამიანის სამი ასაკისა: სიჭაბუკე, სიჭარმაგე და ცხოვრების დასასრული. პასექი – შეესაბამება უფლის პირველ მოწოდებას, რომელსაც ადამიანი სიჭაბუკეში იღებს – ეს არის მოწოდება „ეგვიპტიდან გათავისუფლების“ შესახებ, მოწოდება ცოდვისგან გათავისუფლებისა. ფარაონისგან გათავისუფლება ეს არის ადამიანის ეგოისტური „მე–სგან“ გათავისუფლება, რომელიც ადამიანს განსაკუთრებით გამძაფრებული აქვს სიჭაბუკის ასაკში.
ესე წმიდანი არიან, რომელთა უწოდეთ მათ ჟამსა მათსა.
პირველსა მათ თთუესა, მეათოთხმეტესა დღისა თჳსისა, პასექი ღმრთისა მწუხრთა ზატიკი ღმრთისა,
და მეათოთხმეტესა დღესა ამის თთჳსსა - დღესასწული უცომოთაჲ უფლისა, შჳდ დღე შჭამდეთ უცომოსა. ლევიანი 23: 4–6
(აჰა, საუფლო დღესასწაულები, წმიდა შეკრებულობანი, რომლებიც უნდა გამოაცხადოთ თავ-თავის დროზე: პირველ თვეს, თვის მეთოთხმეტე დღეს საღამოხანს უფლის პასექია. ამავე თვის მეთხუთმეტე დღეს საუფლო ხმიადობის დღესასწაულია. შვიდ დღეს უფუარი კვერები ჭამეთ.)
შედროვიცკის მიხედვით, პასექი – ეს არის „გამოცოცხლების პერიოდი“, ასევე იესო ქრისტეს აღდგომის დღე. მაცხოვარი ჯვარს აცვეს ნისანის 14–ში – პასექის პირველ დღეს, ნისანის 17–ში კი აღდგა. ამავდროულად, ეს არის იმ სულების აღდგომა, ვინც მისდევს მის სწავლას და მის სხეულშია გაერთიანებული.
გარდა ამისა, პასექი – ეს არის წინასახე სიკვდილის გადალახვისა და მკვდართა აღდგომისა.
კრავი, რომელიც უნდა იჭამოს პასექის ტრაპეზისას, ნიშნავს მსხვერპლს, რომელიც გაიღო მაცხოვარმა ადამიანთა ცოდვების გამოსახსნელად.
უფუარი პური, რომელსაც ისრაელის ერი ჭამს, ნიშნავს ცხოვრების სიწმინდეს, რომლისგანაც მოშორებულია ბოროტების საფუარი.
ეტყოდე ძეთა ისრაჱლისათა და არქუ: კაცი, რომელი იყოს არაწმიდა სულითა კაცისაჲთა, გინათუ შორსა გზასა იყოს თქვენგანი ნათესავთა შორის თქუენთა და ყოს ვნებაჲ უფლისა, თთუესა მას მეორესა, მეათოთხმეტესა დღესა, მიმწური, ყონ იგი, უცომოსა თანა ველისყრდელითა ჭამონ იგი.
რიცხვთა 9; 10
(ელაპარაკე ისრაელიანებს: თუ ვინმე გაუწმიდურდება მკვდრის შეხებით ან შორ გზაზე იქნება წასული თქვენს შორის ან თქვენს შთამომავლობაში, მანაც უნდა დაამზადოს უფლის პასექი.მეორე თვის მეთოთხმეტე დღეს დაღამებისას დაამზადონ იგი, უფუარი პური და მწარა ბალახები შეატანონ.)
უფლისთვის პასექის მომზადების ვალდებულება ეკისრება ყველა ისრაელიანს, მათ შორის მათაც, ვინც მკვდართან შეხების გამო გაუწმინდურდა, ან შორ გზაზეა წასული. სადაც იქნება, იქვე უნდა აღასრულოს პასექი, ოღონდ მეორე თვეში.
ზურაბ კიკნაძის განმარტებით, აქ საუბარია მეორე პასექზე, რომელიც ეგვიპტიდან გამოსულ ებრაელებს უნდა ეზეიმათ უდაბნოში. ეს მოხდა გამოსვლის მეორე წელს. პირველი თვის მეთოთხმეტე დღეს მიმწუხრისას უნდა დაწყებულიყო მისთვის მზადება. პასექის აღნიშვნა სავალდებულოა. ისრაელიანი, რომელიც უმიზეზოდ გააცდენს პასექს, არ შეასრულებს მას, მოიკვეთება საზოგადოებიდან. მაშასადამე, პასექი არ არის უბრალო დღესასწაული, ის ეროვნული ერთიანობის,
კუთვნილების გამომხატველია. ის, ვინც დღესასწაულობს პასექს, ამით ადასტურებს ერთიანობას იმ ხალხთან, რომელიც უფალმა ეგვიპტიდან გამოიყვანა. ამიტომაც პასექის უგულებელყოფა უფლის ერში ერთიანობის უგულებელყოფის ტოლფასია. პასექის შეუსრულებლობით ისრაელიანი თავად აყენებს თავის თავს რჩეული ერის გარეშე. ის, უპასექოდ დარჩენილი, მოკვეთილია.
რამ შეიძლება გაამართლოს პასექის შეუსრულებლობა?
ორმა მიზეზმა: მკვდრისგან გაუწმიდურებამ და შორ გზაზე
ყოფნამ. სხვას ვერაფერს მოიმიზეზებს პასექის დამრღვევი.
რიტუალურად გაუწმიდურებულს ერთმევა წმიდა დღესასწაულში
მონაწილების უფლება. მგზავრობა, სახლს გარეთ ყოფნა,
შეუძლებელს ხდის პასექს, რომელიც მხოლოდ სახლში უნდა
სრულდებოდეს. გაუწმიდურებულს თუ მგზავრობაში მყოფს ერთი თვით გადაუვადდება დღესასწაულობა: „მეორე
თვის მეთორმეტე დღეს დაღამებისას დაამზადონიგი“ (9:11).
რჯული პასექის დღესასწაულში ერთმანეთთან ათანაბრებს მდგმურსა (გერ) და მკვიდრს (ეზრახ), თუმცა არ ჩანს, მდგმურის უფლებაა პასექის აღნიშვნა, თუ აუცილებელი ვალდებულება, როგორც ისრაელიანის შემთხვევაში. უნდა აღინიშნოს, რომ ამ მონაკვეთში გამოყენებული ტერმინი „მკვიდრი ქვეყნისა“ _ ეზრახ ჰა-არეც (9:14) _ ასახავს ისრაელიანთა იმ მდგომარეობას, რომელსაც ისინი მხოლოდ ქანაანში მოიპოვებენ და არა უდაბნოს ვითარებას, სადაც მათ ვერ ექნებოდათ საკუთარი ქვეყანა სამკვიდროდ. რჯული, როგორც ჩანს, მომავალს ითვალისწინებს.
დაიცევ თთუჱ იგი ახალთაჲ და ჰყვი იგი უფლისა ღმრთისა შენისა, რამეთუ თუესა მას ახალთასა გამოგიყვანა შენ უფალმან ღმერთმან შენმან ღამე ეგჳპტით.
და დაჰკლა შენ მსხუერპლი უფლისა ღმრთისა შენისა ცხოვარი იგი და ზროხაჲ ადგილსა მას, რომელ-იგი გამოირჩიოს უფალმან ღმერთმან შენმან, წოდება და სახელი მისი მას ზედა.
არა შჭამო მას შინა მფუე, შვიდ დღე უფოველი პური შჭამო ჭირსა მას შინა, რამეთუ მწრაფლ ღამე გამოხუედ ეგვიპტით და მოიჴსენით დღე იგი გამოსლვისა მის თქუენისაჲ ქუეყანით ეგვიპტით ყოველთა დღეთა ცხორებისა თქუენისათა.
არა იპოოს ცომი შვიდ დღე ყოველთა საზღვართა თქვენთა და არცა განაციოთ ჴორცი იგი, რომელ დაჰკლა მიმწუხრი განთიად დღესა მას პირველსა.
ნუ გიფლიენ შენ ჭამად ურიდად საკლველისა მისგან, რომელი-იგი დაიკლას დღესასწაულსა მას ყოველთასა ქალაქთა შენთა, რომელ-იგი უფალმან ღმერთმან მოგცეს შენ.
არამედ ადგილსა მას, რომელ-იგი გამოირჩიოს უფალმან ღმერთმან შენმან წოდებად სახელი მისი მას ზედა, მუნ დაკლის საკლველი იგი დღესასწაულთაჲ მათ, მწუხრი დასლვასა ოდენ მზისასა ჟამსა მას, რომელსაცა გამოხუედ ქუეყანით ეგვიპტით.
შეაგბო და შესწვა და შეშჭამო ადგილსა მას, რომელსაცა გამოირჩიოს უფალმან ღმერამან შენმან და მიიქცე ხვალისაგან და მიხვიდე სახიდ შენდა.
ექუს დღე უფუველი შჭამო და მეშვიდესა დღესა განჴსნაჲ არს დღესასწაულისაჲ მის უფლისა ღმრთისა შენისაჲ, არა ჰქმნე მას შინა ყოველივე საქმე შვიდი შვიდეული მრგულიად აღრაცხო თავისა, რაჟამს იწყო მანგლისა საქმე მკათა, მიერითგან აღირაცხო შვიდი შვიდეული. მეორე რჯული 16: 1–8
(დაიცავი აბიბის თვე და მოუმზადე პასექი უფალს, შენს ღმერთს, რადგან აბიბის თვეში გამოგიყვანა უფალმა, შენმა ღმერთმა ეგვიპტის ქვეყნიდან, ღამით. დაუკალი საპასექოდ უფალს, შენს ღმერთს, ცხვარი და ძროხა იმ ადგილას, რომელსაც აირჩევს უფალი თავისი სახელის დასავანებლად.ნუ მიატან მას საფუარიანს, ხუთ დღეს ჭამე მასთან ერთად ხმიადი, გაჭირვების პური, რადგან ნაჩქარევად გამოხვედი ეგვიპტის ქვეყნიდან, რომ მთელი სიცოცხლე გახსოვდეს ეგვიპტის ქვეყნიდან შენი გამოსვლის დღე.არ გაჭაჭანდეს შვიდი დღის მანძილზე საფუარიანი მთელს შენს კარმიდამოში და დილამდე არ მორჩეს წინა საღამოს დაკლული საკლავის ხორცი.ნება არა გაქვს ყველგან დაკლა პასექი შენს საცხოვრებელში, რომელსაც უფალი, შენი ღმერთი, მოგცემს;არამედ მხოლოდ იმ ადგილას, რომელსაც აირჩევს უფალი, შენი ღმერთი, თავისი სახელის დასავანებლად, დაკალი პასექი საღამოთი, მზის ჩასვლისას, ეგვიპტიდან შენი გამოსვლის სწორს.მოხარშე და ჭამე იმ ადგილას, რომელსაც აირჩევს უფალი, შენი ღმერთი, დილით კი გაბრუნდი და წადი შენს კარვებში.ექვს დღეს ჭამე ხმიადი, მეშვიდე დღეს კი უქმეა უფლის, შენი ღმერთისათვის, არაფერი საქმე არ აკეთო.)სამგზის ევალება ისრაელიანს უფლის წინაშე გამოცხადება, არა ცარიელი ხელით, არამედ ძღვენით, საკლავით. ეს სამი გამოცხადება არის სამი ძირითადი დღესასწაული, რომლებიც ერთი ცენტრალური სალოცავის თემას უკავშირდება. ეს ის ადგილია, რომელსაც ამოირჩევს უფალი აღთქმულ მიწაზე. ეს ერთადერთი ადგილია, სადაც უნდა შეიკრიბოს თორმეტი ტომი, სადაც ისრაელიანთა კონსოლიდაცია რიტუალურ გამოხატულებას მიიღებს. აქ და ამ ჟამს, წელიწადში სამგზის, ისინი ესტუმრებიან ღმერთს და, ამავე დროს, ხვდებიან ერთმანეთს ადამიანები, მამისსახლები, საგვარეულოები და შტოები. სადღესასწაულო წელიწადი პასექით იწყება, პასექივეა წლის დასაწყისი. პასექში ერწყმის ერთმანეთს ორი განსხვავებული წარმოშობის ფაქტი. ერთია ბუნების ფაქტი, განმეორებადი, ბუნებრივი წრებრუნვის ერთი მონაკვეთი, თითქოს მარადიული მეორეა ისტორიული მოვლენა, რომელიც ერთხელ მოხდა და არასოდეს განმეორდება.
პირველი გაზაფხულის დღესასწაულია, რომელიც ბუნების
ხილული ნიშნებით არის აღნიშნულ-გამოხატული _ თვით სახელიც, როცა იგი იდღესასწაულება, გვამცნობს გაზაფხულის
ამ მთავარ ნიშანს: ეს არის აბიბ, გაზაფხულის პირველი თვის ძველი ქანაანური სახელწოდება, რაც ნედლ თავთავს, ჯეჯილს ნიშნავს. მეორეა გარდამტეხი მიჯნა ისრაელის ცხოვრებაში _ ეგვიპტიდან გამოსვლა. და ეს მოვლენაც, თუმცა ის ერთხელ მოხდა და ერთჯერადი ფაქტია, მეორდება რიტუალურად ყოველ ჟამს, როცა საპასექო ბატკანი დაიკვლის. დღესასწაულის თითოეული ელემენტი ამ ისტორიული მოვლენის რიტუალური გახსენებაა. ყოველი ისრაელიანი რიტუალის მეოხებით უნდა აღმოჩნდეს იმ ჟამში, როცა მისი წინაპარი ეგვიპტიდან გამოდიოდა. აწმყოში რიტუალურად წარსული ცოცხლდება.
ამრიგად, აბიბის თვე ერთსა და იმავე დროს ბუნების გამოღვიძების ჟამიც არის და ეგვიპტიდან ხალხის გამოსყიდვის
ჟამიც.
მეთიუ ჰენრის განმარტების თანახმად, უფალსა და მის იზრაელს შორის ურთიერთობა მნიშვნელოვანწილად სამ ყოველწლიურ დღესასწაულზე იყო დამყარებული, რომლებიც, თავისთავად, ხალხში რელიგიის შენარჩუნებას უწყობდა ხელს.
მიუხედავად იმისა, რომ პასექის დრესასწაული მხოლოდ ერთი კვირა მიმდინარეობდა, მისთვის მზადება იმდენად სერიოზული და სადღესასწაულო იყო, რომ მთლიანობაში, ერთ თვეს გრძელდებოდა.
ამ მუხლების თანახმად, პასექის კანონი ასეთია: ისრაელიანებმა მსხვერპლი უნდა შეწირონ იქ, სადაც მათ ღმერთი უბრძანებს, და არა იქ, სადაც მათ სურთ. ამ სადღესასწაულო წესის შესარულებისას იუდეველებს მუდამ ღმერთისთვის უნდა ემზირათ: – უფლის სახელი მათ გულებში უნდა ყოფილიყო. სწორედ ამიტომ მოუწოდებს უფალი ისრაელს, მივიდნენ იმ ადგილას, სადაც ის უჩვენებს, რათა მისი სახელი სუფევდეს იმ ადგილას.
რატომ დაწესდა პასექი? – იმისთვის არა, რომ მხოლოდ იმ შვიდი დღის განმავლობაში გაიხსენონ ეგვიპტური მონობა, არამედ იმისთვის, რომ მუდმივად ახსოვდეთ წარსული და ეს იყოს მუდმივი სტიმული უფლისადმი მორჩილებისა. სწორედ ასევე ვიხსენებთ ჩვენ მაცხოვარის ჯვარცმას, რათა მუდმივად გვახსოვდეს, რატომ ვცხოვრობთ ჩვენთვის აღსრულებული და შემდეგ მკვდრეთით აღმდგარი მაცხოვრისთვის.
კარგად მოგიწესრიგებია ბლოღი!
ОтветитьУдалитьგილოცავ! :)